logo
ENG



"EU-ში გაფართოებისთვის უკვე ემზადებიან" - რა პერსპექტივებს შლის ოცნება ჯაფარიძის მოსაზრებით

04 აპრ 202418:22
3 წუთის საკითხავი
 
"EU-ში გაფართოებისთვის უკვე ემზადებიან" - რა პერსპექტივებს შლის ოცნება ჯაფარიძის მოსაზრებით

გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ფეისბუქზე წერს იმის შესახებ, თუ რა პერსპექტივების ჩაშლას ცდილობს ქართული ოცნება. როგორც ჯაფარიძე აღწერს, საქართველოს წელს იმავე პროცედურების გავლა მოუწევს, როგორც კანდიდატის სტატუსის მიღების დროს.

"ოქტომბერში ევროკომისია დადებს ანგარიშს გაფართოებაზე, სადაც იქნება რეკომენდაციები გაწევრიანების მსურველ ქვეყნებთან მიმართებაში (ჯამში 9 ქვეყანა), მათ შორის საქართველოსთან მიმართებაშიც. დეკემბერში იკრიბება ევროპული საბჭო (წევრი ქვეყნების პირველი პირები) და ევროკომისიის რეკომენდაციებზე დაყრდნობით მიიღებენ გადაწყვეტილებას თითოეულ ქვეყანასთან მიმართებაში; მაგალითად გაგვიხსნიან თუ არა ჩვენ მოლაპარაკებებს გაწევრიანებაზე. მოლაპარაკებების გახსნა არის შემდეგი ნაბიჯი გაწევრიანების გზაზე (უკრაინა და მოლდოვა უკვე მანდ არიან). მოლაპარაკებების გახსნიდან საჭიროა დრო, რომ მოვასწროთ ე.წ. კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილება სრულად. 2030-ში დაგეგმილია ევროკავშირის შემდეგი გაფართოება და ამისთვის იქ უკვე ემზადებიან. შანსი გვაქვს მანდ მოვხვდეთ", - აღნიშნავს ჯაფარიძე.

ზურა ჯაფარიძის თქმით, ქართული ოცნება სწორედ ამ პერსპექტივას შლის ახლად ინიციირებული კანონებით.

დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით". 

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა. 


close დახურვა